ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი კომპანია Loialte პანდემიის პერიოდში გამოწვეულ პირველად კრიზისებს დანაკარგების გარეშე გაუმკლავდა და სტაბილურ რეჟიმში აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.
კომპანიაში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე, ჩვენ მის მმართველ პარტნიორს - შორენა ასაბაშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ.
როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
ჩვენი ბიზნესის მდგრადობა და განვითარება ჩვენი კლიენტი კომპანიების ფინანსურ სიჯანსაღესა და ზრდაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, კრიზისის ნეგატიური გავლენა ფაქტობრივად ჩვენს მთლიან პორტფელს შეეხო, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმედ აისახა აჭარის რეგიონალური ფილიალის მდგომარეობაზე, რადგან მოგეხსენებათ აჭარაში ობიექტების უმეტესობა პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმთანაა დაკავშირებული. კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეული კრიზისი კი ყველაზე სწრაფად და მტკივნეულად სწორედ ტურიზმის სექტორზე აისახა.
როგორ შეძეძელით ამ პირობებში თანამშრომლების შენარჩუნება?
იმისათვის, რომ კომპანია გადაგვერჩინა და სამუშაო ადგილები შეგვენარჩუნებინა, სხვადასხვა აქტივობები განვახორციელეთ, როგორც კომპანიის შიგნით, ისე კლიენტებთან თუ პარტნიორებთან ურთიერთობაში. შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, განვსაზღვრეთ პრიორიტეტები და შევუდექით მის აღსრულებას. უპირველესი ამოცანა, რასაკვირველია ნებისმიერ შემთხვევაში იყო და არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაბამისად სწრაფად გადავეწყვეთ ახალ რეგულაციებზე, რის შემდეგაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები და კლიენტები შეგვენარჩუნებინა. საბედნიეროდ, ორივე მიზანს მივაღწიეთ - კერძოდ, სამუშაო ადგილი შევუნარჩუნეთ ყველა თანამშრომელს და უფრო მეტიც - გავაგრძელეთ ზრდა! ხოლო, რაც შეეხება პორტფელს - რასაკვირველია ჩვენს კლიენტებს ფინანსურად გაუჭირდათ, გარკვეულმა ნაწილმა დროებით შეაჩერა კიდეც საქმიანობა, თუმცა შევძელით შეგვენარჩუნებინა ის კრიტიკული რაოდენობა, რომელიც ლოიალტეს ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფდა.
როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?
მნიშვნელოვანია გავიაზროთ მიმდინარე მდგომაროება და განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია ამ სიტუაციაში. ვეცადოთ, კრიზისი შევაფასოთ რეალისტურად და განვსაზღვროთ კრიზისის გავლენა კომპანიაზე, ხოლო შემდეგ შესაბამისად დავგეგმოთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კრიზისიდან მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოსვლას.
ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ კრიზისის აუცილებლად დასრულდება და ჩვენ მოგვიწევს კრიზისის შემდგომ რეალობასთან ადაპტაცია - უმჯობესია, დღესვე დავიწყოთ ამ რეალობაზე ფიქრი და გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი თუ მომსახურება ისევ კონკურენტული იყოს ბაზარზე.
რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?
მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა კოვიდ 19-ის კრიზისის მიმართ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ჩვენი კლიენტი კომპანიების წარმატებაზე და ამ სიტუაციაში მათ პროფესიული სერვისებით სარგებლობის ხარჯები შეამცირეს. მთავარი გამოწვევა რასაკვირველია ფინანსური დანაკარგები და პროგნოზირების სირთულე იყო. თუმცა, არ მიგვიღია მყისიერი გადაწყვეტილებები ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, დავაკვირდით მოვლენების განავითარებას და როგორც აღმოჩნდა სწორად მოვიქეცით.
ჩვენი გამოცდილებით კოლეგებს ვურჩევდით, რომ რაციონალურად და ცივი გონებით შეაფასონ მიმდინარე მდგომარეობა და თუ ხარჯების ოპტიმიზაცია გარდაუვალია, ამის მიუხედავად ეცადონ, რომ ეს არ გააკეთონ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების ხარჯზე. ასევე, ხშირად გადააფასონ საკუთარი კომპანიის როლი, პოზიცია და კონკურენტულობა ბაზარზე და ამის მიხედვით განახორციელონ სტრატეგიული, ტაქტიკური თუ ოპერატიული დაგეგმარება.
როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?
გარკვეულწილად შეიცვლება, რადგან იცვლება მომხმარებლის ხედვა და დამოკიდებულება პროფესიულ სერვისებთან და აუთსორსინგთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ ახალ გამოწვევბს მოერგონ და ისეთი სერვისები შესთავაზონ საკუთარ კლიენტებს, რომელიც ამ ახალ მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს სფეროს - რასაკვირველია პრიორიტეტები გადაფასდება და წინ წამოიწევს ისეთი სერვისები, რომელიც შესაძლოა პანდემიამდე არც თუ ისე პოპულარული იყოს კლიენტებში, ასევე გარკვეულწილად შეიცვლება მიწოდების არხები.
როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?
ჩვენი სერვისების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ფაქტობრივად არ არსებობს სექტორი, რომელსაც არ ვფარავთ. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ვზრუნავთ, რომ ჩვენმა კლიენტებმა საკუთარი ბიზნეს საქმიანობა უფრო სწორად და დახვეწილად წარმართონ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ, შესაბამისად ჩვენი როლი სხვადასხვა სეტქორების განვითარებაში მნიშვნელოვანია. თუმცა, გარდა სტანდარტული კომერციული საქმიანობისა, გვაქვს CSR აქტივობებიც, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მომსახურებას აბსოლუტურად უსასყიდულოდ ვუწევთ. აღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატაპები, მცირე და საშუალო საწარმოები, ქალები ბიზნესში.
CSR აქტივობებს ასევე ჩვენი შვილობილი კომპანიებითაც ვახორციელებთ - hiro.ge - დასაქმების ინოვაციური პლატფორმა და erudio - ლოიალტეს საგანმანათლებლო მიმართულება.
როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?
ჩვენს გეგმებში მხოლოდ ზრდა და განვითარებაა. ლოიალტეს მესამე წელია რაც ბაზარზეა, აქედან ფაქტორბივად 1 წელი კოვიდის პირობებში მოგვიწია ოპერირება და მაინც შევძელით შეგვექმნა კომპანია, რომელიც 50-მდე ადამიანს ასაქმებს, წარმოდგენილია 2 ოფისით და 2 შვილობილი კომპანიით. ვფიქრობთ, რომ 2021 წელი დაჩქარებული ზრდის წელი იქნება, როგორც ჩვენთვის ისე ზოგადად ბიზნესისთვის, ხოლო გრძელვადიანად ჩვენი სერვისების ინტერნაციონალიზაციას ვგეგმავთ. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენს საოპერაციო პროცესში და ამ მიმართულებითაც კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ.
ინტერვიუ: თამარ გურგენიძე
Comments