ნავთობკომპანია „გალფის“ ძირითად საქმიანობას ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ „გალფი“ ორიენტირებულია ხარისხსა და შედეგზე. OK! გაესაუბრა კომპანიის ადმინისტრაციის უფროსს, ირინა მარდახიაშვილსა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, თამარ მიქიაშვილს კომპანიის მუშაობასთან, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან და ქალი ლიდერის როლთან დაკავშირებით.
რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?
(ირინა მარდახიაშვილი): დღევანდელ მსოფლიოში ვერც ერთი ინსტიტუტი − იქნება ეს საზოგადოება თუ ორგანიზაცია, ვერ იფუნქციონირებს ეფექტურად ქალთა მონაწილეობის გარეშე. ქალები ქმნიან პერსპექტივას, ისინი უფრო მრავალფეროვნები, ორგანიზებულები და მოწესრიგებულები არიან. იღებენ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ორიენტირებულები არიან გუნდურ მუშაობაზე, ზრუნავენ პიროვნულ განვითარებაზე. ოცდამეერთე საუკუნეში სწორი მართვისთვის აუცილებელია შექმნა კორპორაციული გარემო, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, თანადგომაზე, მოსმენისა და გაზიარების, სხვისი აზრის პატივისცემის კულტურაზე, დემოკრატიული კომუნიკაციის უნარზე. ყველა ეს თვისება ქალური ხასიათისაა და ხელს უწყობს უფრო მდგრადი მომავლის მშენებლობას. მრავალი სტატისტიკის თანახმად, კომპანიებს, ქალების ხელმძღვანელობით, უკეთესი ფინანსური შედეგები აქვთ. ქალების ხელმძღვანელობა და მართვაში ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ტრანსფორმაციის ტემპის გასაზრდელად.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…
(ირინა მარდახიაშვილი): ჩემი პროფესია ადამიანებთან აქტიურ კონტაქტს მოიაზრებს და აქ ყველაზე დიდი სირთულე უპასუხისმგებლობაა. მენტალური პრობლემები ჯერ კიდევ მყარადაა გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ ისეთი კომუნიკაცია, რომელიც გაამარტივებდა პროცესებს, ყველგან არ არის შესაძლებელი და ქმნის გარკვეულ სირთულეებს.
რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?
(ირინა მარდახიაშვილი): სიმართლე გითხრათ, თვითკმაყოფილების განცდა მეუფლება. მიხარია „გალფის“ გუნდის წევრი რომ ვარ და ჩემი წვლილი მიმიძღვის, რადგან ჩვენი კომპანიის დაარსების პირველი წუთებიდან ვარ ჩართული. 1500 დასაქმებული „გალფში“, ჩვენი სოციალური პროგრამები − უბრალოდ, ამაყი ვარ და ყოველივე ეს ენთუზიაზმს მმატებს.
მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?
(ირინა მარდახიაშვილი): 2020 წელი − უმძიმესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სრულიად პლანეტა. ძნელია ემოციურად გაუმკლავდე ახალ რეალობას, რთული დღეები დაგვიდგა ყველას, მაგრამ სწორედ 2020-მა წელმა გვაჩვენა, რა შეუძლია „გალფს“, ჩვენს გუნდს. კომპანიის მენეჯმენტმა და თითოეულმა თანამშრომელმა შევძელით ღირსეულად გვემართა კრიზისი, ვაჩვენეთ გუნდური მუშაობის ძალა. „გალფის“ სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალიან მაღლა დასმული თამასა მაგალითია იმისა, თუ როგორ შედეგებზე შეუძლია გაიყვანოს პასუხისმგებლობის გრძნობამ ადამიანი, კომპანია, საზოგადოება, ქვეყანა. 1500 თანამშრომელი კომპანიაში, რომელიც 24/7-ზე რეჟიმით აგრძელებს მუშაობას. არც ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, არც ერთი შემთხვევა კორონავირუსის შიდა გავრცელების.
როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?
(ირინა მარდახიაშვილი): ზოგადად თუ განვიხილავთ, ქალს ჯერ არ აქვს თავისი კუთვნილი ადგილი დამკვიდრებული, სწორედ იმიტომ, რომ მამაკაცები დომინირებენ და არ არის ბალანსი. მაგრამ კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, საკუთარი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ გარკვეულწილად უჭირთ ქალების მოსმენა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, პრიორიტეტები, რომლებსაც ქალი კორპორაციული გარემოს შესაქმნელად სახავს, და რაც ქალური ხასიათითაა განპირობებული, მამაკაცებისთვის ხშირ შემთხვევაში არც ისე მნიშვნელოვანია და მეტი ძალისხმევა გჭირდება, რათა შეძლო გავლენის მოხდენა.
3 რამ, რომელიც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…
(ირინა მარდახიაშვილი): შრომისმოყვარეობა და უნარი, ფეხი აუწყო დღევანდელ სამყაროს, გამოწვევებს. ცოდნის მისაღებად, დღეს მრავალი რესურსი გაჩნდა. მუდმივად უნდა იზრდებოდე.
თვითშეფასების უნარი, თვითკრიტიკა, გამოცდილებით მიღებული ცოდნა − მნიშვნელოვანია, შეგეძლოს გააანალიზო, სად დაუშვი შეცდომა, გააანალიზო შენი მიდგომები, და თუ საჭიროა, შეცვალო ისინი. მაგრამ ამასთანავე, ზუსტად უნდა იცოდე, რა გაინტერესებს და რა არის შენთვის ღირებული.
გულწრფელობა, ემოცია, კომპრომისი.
შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?
(ირინა მარდახიაშვილი): არა. მინდა მეტს მივაღწიო, გავაფართოვო ჩემი თვალსაწიერი, ბოლომდე გავხსნა საკუთარი თავი და ჩემი შესაძლებლობები.
ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?
(ირინა მარდახიაშვილი): კონკრეტული ადამიანების დასახელება გამიჭირდება. პიროვნების ფორმირების პროცესში სამი ფაქტორი თამაშობს ფუნდამენტურ როლს. მათგან ორი − ოჯახი და გარემოა. სწორედ ოჯახმა და გარემომ განაპირობა ჩემი ღირებულებებისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რამაც მომცა საშუალება, ვიყო წარმატებული.
გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?
(ირინა მარდახიაშვილი): როგორც უკვე აღვნიშნე, „გალფის“ დაარსების პირველი დღიდან ჩართული ვარ კომპანიის ბრენდის შექმნაში. მაშინ მცირე ჯგუფი შევუდექით მის შენებას − შესაქმნელი იყო გუნდი, შესამუშავებელი სტრატეგია, ყველა რეგულაცია, განაწესი, პროცედურა, კორპორაციული კულტურა, ღირებულებები… ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მქონდა, მეგობრებთან მხოლოდ მოკლე სატელეფონო კომუნიკაციას ვახერხებდი და ისიც − არა სისტემატურად. ახლა კომპანია გამართულად მუშაობს და თავისუფალი დრო ნამდვილად მაქვს, რომელსაც ძირითადად მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვატარებ. მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ პანდემიამ, სამწუხაროდ, მეგობრებთან ურთიერთობა და მოგზაურობაც შეგვიზღუდა. მიჭირს შეგუება, მაგრამ ვცდილობ მივიღო მოცემულობა.
მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ…
(ირინა მარდახიაშვილი): თანამშრომელთა მოტივაციაზე მუდმივი ზრუნვა, რაც ნებისმიერი ბიზნესის წარმატებაა. „გალფში“ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა ჩემი პროექტია. სტატისტიკის მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანისთვის კომპანიის არჩევისას. თანამშრომლები კონცენტრირებულები არიან შედეგებზე, როდესაც რწმუნდებიან დამსაქმებლის მხარდაჭერაში. „გალფი“ ყოველთვის ოჯახივით იდგა თითოეული თანამშრომლის გვერდით. კორონავირუსმა კიდევ უფრო დაგვანახა ჯანმრთელობის ფასი. მსურს გავუუმჯობესოთ ჩვენს თანამშრომლებს აღნიშნული ბენეფიტი და განვაგრძოთ ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და მოტივაციაზე.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?
(ირინა მარდახიაშვილი): „იცხოვრე დღევანდელი დღით, დააფასე რაც გაქვს, იყავი კეთილი და გქონდეს თანაგრძნობის უნარი“.
რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?
(თამარ მიქიაშვილი): ჩემთვის ქალი ლიდერი უპირველესად ასოცირდება დიდ შინაგან სიძლიერესთან და ბრძოლის უნართან. ვიცით, რომ ქალებმა საუკუნეების განმავლობაში დიდი და ურთულესი გზა გამოიარეს თავიანთი უფლებების დასაცავად და თანასწორობის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ქალებს დღესაც ისეთი გენდერული ბარიერები ხვდებათ, როგორიცაა დაბალი ნდობა მათ მიმართ, სხვადასხვა დამკვიდრებული სტერეოტიპები და შეხედულებები, ქონების მემკვიდრეობით მიღებისას არათანაბარ პირობებში ყოფნა, არასათანადო სოციალური გარემო, არასათანადო საკანონმდებლო ბაზა და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, კომპანიების დირექტორთა მხოლოდ 5%-ია ქალი, ხოლო ბორდში და ტოპ-მენეჯმენტში მაქსიმუმ 20%-ს შეადგენენ ქალები. სტატისტიკურად, უნივერსიტეტებში რაოდენობრივად და აკადემიური მოსწრებითაც, ბოლო 30 წელია ლიდერობენ ქალები. არსებულ კვლევებზე დაყრდნობით, კომპანიებს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქალები, აქვთ გაცილებით მაღალი მოგება, ინვესტიციები და გაყიდვები, ვიდრე კომპანიებს, რომელთაც მართავენ მამაკაცები. ქალთა შესაძლებლობების საუკეთესო მაგალითები არიან ქალი პოლიტიკოსები. მაგალითად: მარგარეტ ტეტჩერი, ანგელა მერკელი, ჰილარი კლინტონი. მეცნიერებაში გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქალი, რომელთაც თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ქალებსაც იგივენაირად შეუძლიათ მართვა, როგორც მამაკაცებს. მეტიც − მეცნიერულად დადგენილია, რომ ქალებს აქვთ უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი, ვიდრე მამაკაცებს. თუ მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას, ვიდრე მამაკაცი, თანაც უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაშინ რა განაპირობებს იმას, რომ მაღალ თანამდებობებზე გვაქვს საპირისპირო სურათი? ამის მიზეზი სწორედ ის ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპები და ბარიერებია, რაც ქალის ლიდერობას აფერხებს. რომ შევაჯამოთ, იყო ქალი ლიდერი − ეს არის ურთულესი გზა, სავსე მუხლჩაუხრელი შრომით, მუდმივი ბრძოლით და მუდმივად იმის მტკიცებით, რომ შენც იგივე შეგიძლია, რაც შენს კონკურენტ მამაკაცებს.
როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა?/ საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?
(თამარ მიქიაშვილი): ნავთობკომპანია „გალფის“ ძირითად საქმიანობას ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა წარმოადგენს, რაც საკმაოდ მოთხოვნადი და მიმზიდველი დარგია ბიზნესისათვის, ყველა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია დაფუძნდა 2010 წელს, როდესაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებდნენ მოძველებულ მატერიალურ ბაზაზე დაფუძნებული კომპანიები, არ არსებობდა ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სერვისი და ვფიქრობ, ახალი, თანამედროვე მენეჯმენტზე და მატერიალურ ბაზაზე დაფუძნებული კომპანიის შექმნის იდეა დაიბადა ბაზრისა და გარემოებების კარნახით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბაზარზე „გალფის“ შემოსვლის შემდეგ, დამკვიდრდა ახალი თანამედროვე სტანდარტი და მომხმარებელზე ორიენტირებული სრულყოფილი სერვისები.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…
(თამარ მიქიაშვილი): პროფესიით ვარ ფინანსისტი და ასევე, ეკონომისტი. ჩემი აზრით, თანამედროვე მმართველის ყველაზე რთული ამოცანაა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ძალიან სწრაფ დროში მიღება, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ბევრი ისეთი საკითხის ღრმა ცოდნას, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ზოგადი მენეჯმენტი, ეკონომიკის პრინციპები, საგადასახადო კანონმდებლობა, სახელშეკრულებო და ბიზნესსამართალი, ზოგადი სამართალი, სახაზინო ოპერაციები, ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი. ეს ყველაფერი მოითხოვს კარგ განათლებას, დიდ სამუშაო გამოცდილებას, ასევე − ლიდერობისა და მართვის უნარების ფლობას.
რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?
(თამარ მიქიაშვილი): ბუნებრივია, ქვეყნის ეროვნული პროდუქტი შედგება თითოეული ადამიანის მიერ შექმნილი დოვლათის ჯამისაგან. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალურად და თუნდაც მცირედით დაეხმაროს ქვეყანას იმ კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად, რაც ბოლო წლებში შექმნილია ჩვენს ქვეყანაში. კომპანია „გალფს“ ყოველწლიურად ბიუჯეტში შეაქვს დაახლოებით 120 მილიონი ლარი გადასახადების სახით. ასევე, დასაქმებული ჰყავს 1500-მდე ადამიანი, ახორციელებს დიდი მოცულობით ინვესტიციებს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეხმარება სოციალურად დაუცველებს, ეწევა სპონსორობას, რაც დამეთანხმებით, საქართველოს პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილია ბევრი თვალსაზრისით და ჩემთვის საკმაოდ საამაყოა, როდესაც ვარ ამ კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?
(თამარ მიქიაშვილი): 2020 წელი შეიძლება ითქვას, რომ იყო რთული და დიდი გამოწვევების წელი ბევრი თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენმა კომპანიამ ფინანსური ზიანის გარეშე გაიარა ეს რთული გზა, რაც ვფიქრობ, სწორმა კრიზისმენეჯმენტმა და დროულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა. შეფერხების თვალსაზრისით, ველოდებით უფრო რთულ 2021 წელს და მოლოდინიდან გამომდინარე, გადავადდა გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება.
როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?
(თამარ მიქიაშვილი): პირველ შეკითხვაშიც აღვნიშნე, რომ ქალების მიმართ არსებობს დამკვიდრებული სტერეოტიპები, განსაკუთრებით კი მამაკაცების მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი ძირითადად არიან მამაკაცები და შეგნებით თუ უნებლიეთ, ქალს საწყის ეტაპზე ნაკლებად სერიოზულად აღიქვამენ, რის გამოც ქალს უწევს რთული ბარიერების გადალახვა, მიზნის მისაღწევად. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა – საჭირო არაა, ურთიერთობებში ხაზი გაესვას, რომ ხარ ქალი, რაც შეიძლება გამოიხატოს ქცევაში, მანერებში, ჩაცმულობაში და ასე შემდეგ. ვფიქრობ, საქმესთან მიმართებაში სქესს ხაზი არ უნდა გაესვას. წარმატება ჩემ შემთხვევაში მარტივად არ მოსულა და ბევრი შრომა მომიწია საიმისოდ, რომ საკუთარი თავი დამემკვიდრებინა. ბევრჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, ვიქნებოდი თუ არა უფრო მეტად წარმატებული, თუ მამაკაცად გავჩნდებოდი, და საბედნიეროდ პასუხი უარყოფითია − ვფიქრობ, არა.
3 რამ, რომელიც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…
(თამარ მიქიაშვილი): მოკლედ გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე − ესაა შრომა, მუდმივი ბრძოლა და იღბალი.
შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?
(თამარ მიქიაშვილი): მე ვფიქრობ, ჩემს ასაკში იმის თქმა, რომ ყველაფერს მივაღწიე, რაც ცხოვრებაში მსურდა, არასწორი იქნება. ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ დღემდე მოვსულიყავი, თუმცა მჯერა − მთავარი გამოწვევები წინ მაქვს. გულწრფელად გითხრათ, ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი კარიერა, ვყოფილიყავი ფინანსურად შეძლებული, დამოუკიდებელი ქალი, და პირველი რიგის მიზანი მეტ-ნაკლებად მიღწეულია.
ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?
(თამარ მიქიაშვილი): ჩემი წარმატება ვფიქრობ უკავშირდება ოჯახს, გარემოს, სადაც გავიზარდე, და ჩემს ბუნებრივ უნარებს, როგორიცაა შრომისმოყვარეობა, ბუნებრივი სიძლიერე და გაუტეხელი ხასიათი. თუმცა უსამართლობა იქნება არ აღვნიშნო, რომ ვარ საკმაოდ იღბლიანი ადამიანი და ძირითადად, საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდებოდი. იყო ჩემს ცხოვრებაში ბევრი სირთულე, რამაც გამაძლიერა. მინდა მოგიყვეთ ისტორია, სადაც დაიწყო ჩემი, როგორც ქალის, ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის. 18 წლის ასაკში, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც საქართველოში გაეროს და იუნისეფის ეგიდით შეიქმნა პირველი ახალგაზრდული პარლამენტი. იგი არჩევითობის პრინციპზე იყო დაფუძნებული, ანუ როგორც დღეს ვირჩევთ მაჟორიტარებს, იგივე მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევდნენ ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს. რომ შევიტყვე ამის შესახებ, ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე კენჭი მეყარა ჩემს საყვარელ მშობლიურ რაჭაში, კერძოდ − ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარად. აღმოჩნდა, რომ ამავე ოლქში, კენჭს იყრიდა მამაჩემის მეგობრის, ერთ-ერთი ბანკის მმართველის ვაჟიშვილი. როგორც ხდება საქართველოში, აღმოჩნდა, რომ ვაჟის მამიკოს უკვე ჩაწყობილი ჰქონდა საქმე შვილისთვის და გამარჯვებაც თითქმის გარანტირებული. მე, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩავერთე საარჩევნო პროცესში, რამაც, როგორც ჩანს, აღაშფოთა ჩემი კონკურენტის მშობლები. ისინი ჩემს მშობლებს იცნობდნენ და მეგობრობდნენ, და ამ მიზეზით მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად. წინასწარ შემატყობინეს, რომ სურდათ ჩემთან შეხვედრა და დალაპარაკება. ჩემი კონკურენტი ვაჟკაცის დედ-მამამ ხაზგასმით მითხრეს, რომ მათი შვილი ბიჭია და ამის გამო მათთვის დიდი პერსპექტივის მომტანი იქნება პარლამენტის წევრობა, მე კი გოგო ვარ და მაინც ტყუილად უნდა შევუშალო ხელი, მაინც ვერაფერს მივაღწევ, რადგან ჩემი ძირითადი საქმე ოჯახი და შვილები იქნება მომავალში. მათ უკვე ჩაწყობილი აქვთ საქმე ყველგან, და ჩემი მშობლების ჩართულობით, მომთხოვეს კანდიდატურა დაუყოვნებლივ მომეხსნა. მომენტალურად გავოცდი, გავბრაზდი, მახსოვს, სულ ვკანკალებდი, ფეხზე წამოვვარდი და ვუთხარი, მარტო იმიტომ, რომ გოგო ვარ და თქვენი აზრით, პერსპექტივა არ გამაჩნია, არ მოვხსნი კანდიდატურას და თქვენი შვილი თუ ბიჭია, მაჯობოს-მეთქი, და წავედი შინიდან ბაბუას სახლში დროებით, რადგან ჩემი მშობლების პოზიციამ გული მატკინა. მიუხედავად მათი ფულისა, გავლენისა და იმისა, რომ სულ მარტო ვიყავი ამ ბრძოლაში, ამან ძალა შემმატა, ეს არჩევნები ჩემი გამარჯვებით დასრულდა, და 17 წლის ასაკში გავხდი საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. ეს მართლაც დიდი ცოდნის, გამოცდილებისა და კარიერული წარმატების მომტანი იყო ჩემთვის. ასევე, მუდამ მახსოვს ფრაზა − „თუ ბიჭია, მაჯობოს“, რამაც ბევრი მომდევნო ბრძოლა მომაგებინა.
შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?
(თამარ მიქიაშვილი): ვფიქრობ, თანამედროვე ტექნიკის, ტექნოლოგიების პირობებში, ქალი და ოჯახი სრულიად შეთავსებადია. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახისათვის დიდი დროის დახარჯვა უწევთ ქალებს და მეტი შრომის გაწევა, ვიდრე მამაკაცებს, რაც ქალების სამუშაოს ხარისხზე, მოცულობასა და აკადემიურ მოსწრებებზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. მაგრამ სირთულეების მიუხედავად, ვფიქრობ, ეს ორი სრულად შეთავსებადია.
გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?
(თამარ მიქიაშვილი): შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს, თუმცა წლების მატებასთან ერთად მივხვდი, რომ საკუთარ თავს მეტი დრო უნდა დავუთმო. თუკი უიქენდზე მაქვს თავისუფალი დრო, ვცდილობ გავიდე ქალაქგარეთ დასასვენებლად. მიყვარს მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად დროის გატარება. ასევე, მოგზაურობა ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა და შვებულების დროს ვცდილობ ვისიამოვნო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით.
მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ…
(თამარ მიქიაშვილი): ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ჩემი კვლევის თემა არის გეოპოლიტიკისა და ტექნოლოგიური განვითარების გავლენა გლობალიზაციაზე და მსოფლიო გეოეკონომიკურ ურთიერთობებზე. თემა დღეისათვის ძალიან აქტუალურია და აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე. ჩემი პირველი პრიორიტეტია, ბოლომდე მივიყვანო კვლევითი პროექტი და დავიცვა დისერტაცია. გარდა ამისა მაქვს საკუთარი ბიზნესი საკომუნიკაციო და პროგრამული მიმართულებით, ასევე რამდენიმე ჰექტარი ვენახი და ვაპირებ სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების მიმართულებით უფრო განვავითარო ჩემი ბიზნესი. ამ ეტაპზე საკუთარ თავს ვხედავ უფრო მეტად ბიზნესში, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავ ჩავერთო საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროცესებში უფრო აქტიურად.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?
(თამარ მიქიაშვილი): ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზი, ვფიქრობ, არის ის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და სწორად გამოვიყენო დრო და რესურსი, რომელიც უფლისაგან მაქვს მოცემული. როგორ გამომივა ეს, ამას დრო გვიჩვენებს.
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
Comments