ნინო ნიაურს საქმიან წრეებში კარგად იცნობენ, როგორც პროფესიონალ, პრინციპულ და საქმიან ქალს, რომელიც თანაბარი წარმატებით უძღვება ბიზნესსაც და ოჯახურ საქმეებსაც. OK! ნინოს თავის კომპანიასა და ბიზნესში ქალის როლზე ესაუბრა.
რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?
საბედნიეროდ, თანამედროვე მსოფლიოში უკვე ვიცით, რომ გენდერული ბალანსი ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი მდგენელია. შესაბამისად, ბიზნესს სჭირდება როგორც მამაკაცი, ასევე ქალი ლიდერები. დღეს უკვე ვიცით, რომ ბევრი ქალი წარმატებით უძღვება, ზოგ შემთხვევაში, ერთდროულად რამდენიმე ბიზნესსაც კი. ეს არ არის მარტივი გზა. იყო ბიზნესლიდერი ქალი, ნიშნავს მართავდე ბიზნესს, ზოგჯერ რამდენიმეს, ჩართული იყო საზოგადოებრივ და სოციალურ საქმიანობებში, თვალყურს ადევნებდე ეკონომიკურ გარემოებებს და ამავდროულად, იყო ქალი, დედა, მეუღლე და ა.შ.
როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა? საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?
„ვან ფოინთი“ 2 წლის წინ დავაარსე პარტნიორებთან ერთად. ჩემი პარტნიორები არიან „ეისითის“ წარმატებული მენეჯმენტ-ჯგუფი, რომელიც საინტერესოა, რომ სრულად ქალებისგან შედგება. ქალებისგან, რომლებმაც 20 წლის წინ, როცა საქართველოში სიტყვა „კონსალტინგის“ მნიშვნელობაც კი არ გვქონდა გააზრებული, საკონსალტინგო და კვლევითი კომპანია შექმნეს და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. „ვან ფოინთი“ HR-აუტსორსინგულ მომსახურებას ეწევა. ჩემი და „ეისითის“ გაერთიანება იყო ერთი მხრივ, ადამიანური რესურსების მართვისა და მეორე მხრივ, წარმატებული ბიზნესის მართვის გამოცდილების გაერთიანება. სწორედ ამ თანხვედრამ და „ვან ფოინთის“ საოცარმა გუნდმა განაპირობა ის, რომ ჩვენს სფეროში ლიდერი საკონსალტინგო კომპანია ვართ და დღეს უკვე 40-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ.
ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…
ჩვენ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილის მქონე მიდგომა გვაქვს ყველა საკითხისა და გადაწყვეტილებისადმი, რომელსაც ვიღებთ. ყველაზე დიდი სირთულეც, ალბათ, ეს არის, სწორად დაინახო თანამშრომლების პოტენციალი, დაეხმარო პროფესიულ ზრდაში და ამით ხელი შეუწყო ბიზნესის სწორ განვითარებას. ამისათვის კი ზედმიწევნით უნდა გესმოდეს ყოველი კონკრეტული ბიზნესის საჭიროება, სტრატეგია და ბიზნესპროცესები. სწორედ ამიტომ, კომპანიები, რომლებმაც გააცნობიერეს HR-ის როლი და წარმატებით იყენებენ მას ბიზნესის მხარდასაჭერად, ბევრად თანმიმდევრულად და ნაკლები დანახარჯებით ვითარდებიან.
რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვის. დიდი მოტივაციაა ის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამ ამ მხრივ პასუხისმგებლობას და პატივს ვცემ ყველა ბიზნესს, რომელიც გადარჩა. ჩვენ ვიცით, ეს რამხელა ძალისხმევის ხარჯზე ხდება.
მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?
2020 ყველასთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდმა საოცარი ადაპტაციის უნარი გამოგვიმუშავა. ჩვენი კომპანია აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს და შესაბამისად, სწრაფად მოვახდინეთ ტრანსფორმირება ახალ პლატფორმებზე. ამ პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა ადამიანური რესურსების მართვის როგორც მოქნილ და ადაპტირებულ ოპერაციულ მოდელებზე, ასევე კანონმდებლობის შესაბამისი შრომითი ურთიერთობის რეგულაციებზე და ამ მიზნით ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ჩავერთეთ ACT-strategist-ის პლატფორმაზე, სადაც უფასო კონსულტაციებს ვუწევდით კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პრობლემატურ საკითხებზე. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ უარყოფითი გავლენა იქონია პანდემიამ ბიზნესებზე. ავტომატიზაცია და ბიზნესის მართვის დისტანციური მოდელები არის სწორედ მომავლის ტენდენციები. პანდემიამ უბრალოდ დააჩქარა მოვლენები.
როგორია ქალი მნიშვნელოვან თანამდებობაზე − დომინანტი მამაკაცების გარემოში?
მქონია შემთხვევა, როდესაც შეხვედრაზე მხოლოდ მე ვყოფილვარ ქალი და არც კი მომსალმებიან. მიწევდა დამემტკიცებინა, რომ შემთხვევით კი არ მოვხვდი მათთან ერთად სამუშაო მაგიდის ირგვლივ, არამედ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. რაც დრო გადის, ეს დამოკიდებულება იცვლება, მაგრამ ქალისა და მამაკაცის „დადგენილ“ როლებს ჩვენს საზოგადოებაში მაინც ღრმა ფესვები აქვს და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი ამ მიმართულებით.
3 რამ, რაც ქალს პროფესიული მიზნების მისაღწევად სჭირდება…
ნების თავისუფლება, მხარდაჭერა და მონდომება − ეს არის 3 რამ, რაც ნებისმიერ ქალს გახდის წარმატებულს.
შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: „მივაღწიე იმას, რაც მსურდა“?
ვერ ვიტყვი, რომ რამეს მივაღწიე. უამრავი იდეა და შესაძლებლობაა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და, ალბათ, ყველაფერი ისევ წინაა. ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემაა, რთულია მიღწეულით დაკმაყოფილდე. დღეს ჩემს გუნდთან ერთად, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და რომლის საშუალებითაც მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტან, როგორც „ვან ფოინთის“, ისე ჩვენი პარტნიორი ბიზნესების განვითარებაში.
ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?
ძალიან მიჭირს გამოვყო რომელიღაც ერთი, რასაც ან ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რაც დღეს ვარ. ალბათ, ყველაფერს ერთად, ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველდღიური დაძაბული სამუშაო რეჟიმის შემდეგ განსაკუთრებული განტვირთვის ადგილია; ყველა ჩემს ყოფილ მენეჯერს, რომლებშიც საოცრად გამიმართლა და მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე; და, რა თქმა უნდა, ჩემს ერთგულ გუნდს. „ვან ფოინთის“ დაარსების დღიდან, ჩვენ ერთად მოვდივართ და ამ კომპანიას ერთად ვაშენებთ.
შეთავსებადია თუ არა წარმატებული ქალი და ოჯახი?
რასაკვირველია, ქალი შეიძლება იყოს წარმატებული კარიერაში და ამავდროულად, სრულფასოვნად იყოს ჩართული ოჯახურ ცხოვრებაში. წარმატება დროის სწორი განაწილების გარეშე სტრესია და მეტი არაფერი. ამას მე წარმატებასაც ვერ დავარქმევდი. ჩემი აღქმით, წარმატებული ქალი ყოველთვის გამონახავს დროს ოჯახისთვის და აუცილებლად საკუთარი თავისთვის.
გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?
პანდემიამდე თავისუფალ დროს ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობაში ვატარებდი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დრო მალე დაბრუნდება. მანამდე კი, სხვადასხვა ჰობით ვირთობთ თავს და წინ დიდი გეგმები გვაქვს.
მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.
წელს „ვან ფოინთში“ დიდი ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი: ვაპირებთ მინიმუმ ორჯერ გავიზარდოთ და უფრო მეტი კომპანიის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი. აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან და ვცდილობთ საერთაშორისოდ გამოცდილი HR-კომპანიების სტანდარტი დავნერგოთ ჩვენს კომპანიაში.
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი დევიზი?
ერთ მთავარ დევიზს ვერ გამოვყოფ, თუმცა ჩემი მიზანია, გავხადო დედამიწა უკეთესი. ძალიან მაწუხებს გარემოსდაცვითი საკითხები, ალბათ, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი სიკეთე, რომელსაც „ვან ფოინთი“ აკეთებს, არის კომპანიებში HRM-პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომელიც დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემებზეა დაფუძნებული. ეს პროცესი 2011 წლიდან დავიწყე და როდესაც დავფიქრდები, რამდენი ხე და ადამიანური რესურსი დავზოგე, ვხვდები, რომ ტყუილად არ მიშრომია.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, ალექსეი სეროვი
Comments