ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის აგრძელებს ვებინარების სერიას “პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის”.
ამჯერად თავისი გამოცდილება თემაზე „როგორ ვაქციოთ ხელსაქმე ბიზნესად“ დამწყებ მეწარმეებს ნინო ყვავილაშვილმა გაუზიარა.
ნინო ყვავილაშვილი - ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „გალერეა 27“-ის დამფუძნებელია. მას 36 წლიანი გამოცდილება აქვს სახელოვნებო სფეროში. მუშაობს ქსოვილის დეკორატიულ გაფორმებაზე, რამოდენიმე ტექნიკაში, ესენია ბატიკა, ქუილთი, შიბორი.
ნინო ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხელსაქმით: ხატავდა, ძერწავდა, ქსოვდა, კერავდა.
მისი ხელსაქმის ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო ფაქტად იხსენებს, როდესაც დედის ტყავის ჩანთა დაჭრა და ესპადრილის ძირზე შეკერილ დაზიანებულ ფეხსაცმელს ზედაპირი შეუცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ნინოს ინტერესის სფერო ბავშვობიდან ხელსაქმე და ხელოვნება იყო, 16 წლის ასაკში, გააკეთა პროფესიული არჩევანი და ჩააბარა ქ.თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა პარალელურად აგრძელებდა თავის საყვარელ ხელსაქმეს. დროთა განმავლობაში ისწავლა ქარგვა, თუშური ორნამენტებით გაწყობილი სამაჯურების კეთება, რომლებსაც შემდგომ სამხატვრო სალონში აბარებდა. აღმოაჩინა, რომ ხელსაქმითაც შესაძლებელი იყო ჰქონოდა შემოსავალი. ამიტომ, 24 წლის ასაკში გადაწყვიტა საფუძვლიანად შეესწავლა საყვარელი საქმე და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. შეისწავლა სხვადასხვა ტექნიკა - ბატიკა, თექა, გობელენი და სხვ. 90-იან წლებში დაამთავრა აკადემია და 4 ქალ მეგობართან ერთად გახსნა სახელოსნო “La Maison Blue”, რომელიც 22 წელი ფუნქციონირებდა.
„გვიყვარდა ის რასაც ვაკეთებდით, ისეთი გაჭირვების წლები იყო რომ გაყიდვაზე არც კი ვფიქრობდით. სახელოსნოში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ჩვენს მეგობრებს უცხოელები მოყავდათ ჩვენს გასაცნობად და ნამუშევრების საჩვენებლად. თანდათან დავიწყეთ ნამუშევრების გაყიდვა, ბევრ გამოფენაში ვღებულობდით მონაწილეობას და დროთა განმავლობაში საკმაოდ პოპულარულები გავხდით, ვშოულობდით იმდენ თანხას, რომ ოჯახებს ვარჩენდით“.
2013 წლიდან „გალერეა 27“-ის დამფუძნებელია. ბეთლემის ქუჩის N3-ში მდებარე სახლში განათავსა გალერეა, რომელიც სახელოსნოს და მაღაზიას ერთ ჭერქვეშ აერთიანებს. გალერეაში 100-ზე მეტი ავტორისა და ხელოსანის ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული. გალერეაში პრიორიტეტულია ეთნოკულტურული მიმართულება. იქ იხილავთ ავტორ-შემსრულებლებს არამხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ სხვადახვა რეგიონებიდან, როგორიცაა: თუშეთი, ზემო აჭარა, კახეთი, დ ა.შ.
გალერეა ძალიან პოპულარული ადგილია უცხოელებისთვის, იგი The New York Times-მა საქართველოში აუცილებლად სანახავი ადგილების 10-ეულში დაასახელა.
ამ ეტაპზე, COVID-19-ის გამო გალერეა გადასულია ონლაინ გაყიდვაზე.
ვებინარზე დამსწრე აუდიტორიისათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა გალერეის დამფუძნებელის მიერ გაზიარებული გამოცდილება, მათ გაუჩნდათ ახალი იდეები და გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი, რადგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ხდება კონკრეტულ შემთხვევაში ქსოვილის შერჩევა, დამუშავება და საბოლოო შეფუთვა, თუ როგორი აუცილებელია გიყვარდეს ის საქმე, რომლითაც დაკავებული ხარ და ის აუცილებლად მიგიყვანს წარმატებამდე.
მომხსენებელმა ვებინარის დამსწრეებს ხელსაქმის ბიზნესთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა.
Comentarios