top of page

საგანმანათლებლო სექტორს აქვს პოტენციალი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი გახდეს

განათლების სექტორის პანდემიური გამოწვევების, მიღებული გამოცდილებისა და ქვეყნის საგანმანათლებლო სექტორის პოტენციალის შესახებ - ბიზნესლიდერთა ფედერაციის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ციფრული განათლების ცენტრის დამფუძნებელს, ასოცირებულ პროფესორ - თამარ კერძაიას ვესაუბრეთ, რომელსაც გთავაზობთ ინტერვიუს სახით.




როგორია უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?


შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განათლების სექტორმა კარგად გაართვა თავი პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, რაც კერძო და საჯარო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და უნივერსიტეტების მხრიდან მცირე დროში შეცვლილი გარემოებებისადმი რეზისტეტილობის შედეგად გახდა შესაძლებელი. მთავარ გამოწვევად იქცა საგანმანათლებლო პროცესების ციფრულ სივრცეში ტრანსფორმაცია და სტუდენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საყურადღებოა, რომ სწავლების პროცესის გაციფრულების გარკვეული მზაობა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მანამდეც იყო. ბოლო წლების მანძილზე, ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიები განათლებაში ტრენდად იქცა და ინსტიტუციებს მეტ-ნაკლები მზაობით უკვე ინტეგრირებული ჰქონდათ ციფრული პლათფორმები, ცალკეული საგანმანათლებლო კომპონენტის დისტანციურ რეჟიმში განხორციელების მიზნით.


ინსტიტუციების ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასთან მიმართებით, უფრო დიდ გამოწვევად იქცა აკადემიური პერსონალის დისტანციურ საგანმანათლებლო რესურსებთან ადაპტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ლექტორთა 10-15 %-ზე მეტს დისტანციურ ფორმატში სწავლების პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. შედეგად, ათასობით ლექტორის გადამზადება გახდა საჭირო. უნივერსიტეტების უმეტესობამ, აკადემიური პერსონალის სრული მზაობის ფონზე, წარმატებით გაართვა თავი. მათი მხრიდან შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოფილ იქნა ლექტორთა ტრენირება დისტანციური სწავლების ციფრული პლათფორმების გამოყენების მიმართულებით.


ამ ეტაპზე, გამოწვევად რჩება ის, რომ ქვეყანაში ოპერირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მეტი ძალისხმევა მიმართონ დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების სინერგიისა და განათლების მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით ქმედითი მექანიზმების დანერგვაში. სწორედ, სწავლების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შენარჩუნდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან სანდოობა ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ, რაც, ბუნებრივია, უშუალო გავლენას იქონიებს უცხოელ სტუდენტთა შემოდინებაზე ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება ქვეყნის საერთო ეკონომიკური დოვლათის მნიშვნელოვან წილს ავსებს.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა ?


არსებობს ცალკეული საგანმანათლებლო კურსები, რომელთა ჩანაცვლებაც მხოლოდ დისტანციური მეთოდით ვერ მოხერხდება. ასეთია, მაგალითისთვის სამედიცინო და სტომატოლოგიურ მიმართულებები, სადაც საგანმანათლებლო პროგრამის დიდი წილი სტუდენტის მიერ პრაქტიკული კლინიკური უნარების დაუფლებაზე მოდის. შესაბამისად, გამართლებულად უნდა ჩაითვალოს ე.წ. მეორე ტალღის დროს რეგულაციების კუთხით ცვლილებები. შედეგად, თუკი გაზაფხულზე მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში იყო შესძლებელი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, შემოდგომის სემესტრში შესაძლებელი გახდა იმ სასწავლო კომპონენტების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელება, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარების გამომუშავება. ასეთი კურსების რაოდენობა არ არის დიდი მთლიან სასწავლო კომპონენტებთან შედარებით. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა სტუდენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და მათი მცირე ნაკადების წინასწარ განაწილებული განრიგით მიღება უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და სხვადასხვა პრაქტიკული საქმიანობის სადგურებში. ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სრული მხარდაჭერა, რომელიც ფორსირებულ და უწყვეტ რეჟიმში უზრუნლევყოფს უნივერსიტეტების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაში დახმარებას.


სერიოზული გამოწვევები იყო, ასევე, უცხოელი სტუდენტების ქვეყანაში შემოყვანის მიმართულებით. უცხოელ სტუდენტთა შემოყვანა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნა სპეციალური ჩარტერული რეისების მეშვეობით. შედეგად, შენარჩუნებულ იქნა ის ეკონომიკური დოვლათი, რაც მათ ქვეყანაში სწავლასა და ცხოვრებას უკავშირდება. ამ პროცესში ხელი შეგვიწყო იმანაც, რომ უცხოელი სტუდენტების ჩანოყვანის პროცესში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმებული არ იყო.


უცხოელ სტუდენტებთან მიმართებით, დამატებითი გამოწვევა იმ მიმართლებითაც შეიქმნა, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც აბარებდნენ ქართულ უნივერსიტეტებში, გადაიდო მისაღები გამოცდები, რომლის ჩაბარების საფუძველზეც ხდება სტუდენტთა ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამან მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროცესი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს გამოწვევაც იქნა გადალახული.


პოზიტიურად უნდა შეფასდეს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევა, რის საფუძველზეც სამართლებრივად დარეგულირდა უცხოელ სტუდენტთა ეპიდემიოლოგიურ გართულებებთან დაკავშირებული საკითხები. უნივერსიტეტების ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნა ყველა უცხოელი სტუდენტის სამედიცინო დაზღვევა, რომელიც განსხვავებით უმეტესი სადაზღვევო პაკეტებისა, ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. შედეგად, პროცესები წარიმართა ორგანიზებულ რეჟიმში: სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტი გადიოდა კარანტინს წინასწარ ორგანიზებულ სივრცეში, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა საჭირო პირობით, რის შემდეგაც გადიოდნენ psr ტესტირების ეტაპს და უსაფრთხოდ აგრძელებდნენ საგანმანათლებლო პროცესს ქართულ უნივერსიტეტებში. ამ ღონისძიებათა ერთობლიობის, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებისა და საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზებული კოლაბორაციის შედეგად, გაიზარდა საერთაშორისო ბაზრების მხრიდან სანდოობა ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მიმართ.



როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ შეიცვლება თუ არა ეს სფერო და რამდენად დარჩება პრაქტიკაში დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენება?


ზოგადად, როგორც აღვნიშნე, განათლების სეგმენტში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ქვეყანაში უკვე იქცა ერთგვარ ტრენდად და ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გარდაუვალი და საჭირო პროცესი. რაც შეეხება უშუალოდ დისტანციური სწავლების განვითარებას, ვფიქრობ აქ გვაქვს აუთვისებელი სივრცე და განვითარების პოტენციალი. აქამდე არ არსებობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დისტანციურ ფორმატში საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის მოქნილი საკანონმდებლო ბაზა, ისევე, როგორც დისტანციური სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმები. თუ საერთაშორისო პერსპექტივიდან შევაფასებთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს, იკვეთება ქვეყნის აუთვისებელი პოტენციალი დისტანციური სწავლების მიმართულებით. ვგულისხმობ, როგორც ცოდნის ექსპორტს, ისე იმპორტს. არის დარგები, რომლებიც იმდენად სწრაფად განვითარდა საერთაშორისო საგანმანათლებო ბაზარზე, რომ იგი მნიშვნელოვნად უსწრებს დროში ქვეყნის შიგნით შესაბამისი ლექტორების მომზადების პროცესს. ამდენად, იმისთვის, რომ ქართველი კურსდამთავრებულის ცოდნა ვალიდური იყოს მსოფლიო დასაქმების ბაზარზე, რიგ სასწავლო კომპონენტებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოელი ლექტორების ჩართვა. ბუნებრივია, როგორც ორგანიზაციული, ისე ფინანსური თვალსაზრისით, ბევრად უფრო მოქნილია უცხოელი ლექტორების მიერ სწავლების დისტანციურ ფორმატში განხორციელება, ვიდრე მათი ტრანსპორტირება და ჩამოყვანა ქვეყანაში. აღნიშნული უშუალოდ იქონიებს გავლენას სწავლის საფასურზე და შესაბამისად, გაზრდის განათლებაზე სტუდენტთა ხელმისაწვდომობას. ცოდნის ექსპორტის თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ისეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც სწავლის საფასური მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტარიფებს. ქვეყანაში დისტანციური სწავლების მაღალი ხარისხისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყანას საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ჰიბრიდული მოდელების შეთავაზებაც. სასწავლო კომპონენტის ნაწილი დაიფარება დისტანციური სწავლებით, ხოლო ის ნაწილი, რომელიც პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული, განხორციელდება ადგილზე, ქვეყნის შიგნით. ეს მოდელი, თავის მხრივ, უფრო ბიუჯეტურს გახდის განათლებას უცხოელი სტუდენტებისთვისაც. აღნიშნული მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას შეგვძენს იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც სწავლის საფასური ბევრად უფრო დიდია. იმ ქვეყნების სია, რომელთანაც კონკურენციაში შესაძლებელია შესვლა, პირდაპირპორპორციულად არის დაკავშირებული განათლების ხარისხთან, რაც უზრუნველყოფილი იქნება ჩვენს ქვეყანაში.


თუ დავაკვირდებით საქართველოში უმაღლესი საგანამანათლებლო პროცესების ხარისხის განვითარების ტენდენციას, სრულიად შესაძლებელია ამ მიმართულებით ხელშესახები და ფრთხილი, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. მოგეხსენებათ, ქვეყანა 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს. მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეკომენდაციების იმპლემენტაცია შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად. შარშან ჩვენი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად მიენიჭა ENQA-ს წევრის სტატუსი. ხსენებული და სხვა წინგადადგმული ნაბიჯები რეალურ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, გახდეს უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის წევრი და თანმდევად, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წონადი ინსტრუმენტი.


ინტერვიუ: თამარ გურგენიძე


Comments


bottom of page