top of page

ქეთევან ქვარცხავა - #ძლიერიქალებისქვეყანა

იურიდიული კომპანია BLC-ის მმართველი პარტნიორი

როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რამ მოგცათ ბიძგი და რა იქცა ინსპირაციად?

ჩემი მომავალი გეგმები და მიზნები სტუდენტობის პერიოდიდანვე გააზრებული მქონდა და ამის შემდეგ, ყოველი ჩემი ნაბიჯი, გადაწყვეტილება და გეგმა ამ მიზანს ემსახურებოდა. როდესაც დამწყებ იურიდიულ ფირმას შევუერთდი, საკუთარი თავი და მომავალი ამ ფირმასთან ერთად დავინახე. მალევე გავხდი პარტნიორი და დამწყები კომპანიიდან ჩვენი იურიდიული ფირმა ყველაზე დიდ პრაქტიკად გადაიქცა.

რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე?

როდესაც იცი, რას აკეთებ და რატომ, ყოველი სირთულე, უბრალოდ, გამოწვევაა. გამოწვევა ბევრი იყო, თუმცა დაუძლეველი − არც ერთი.

რა გასწავლათ გამოცდილებამ?

გამოცდილებამ მასწავლა, ვიყო მიზანმიმართული, არ დავიხიო უკან არანაირი სირთულის წინაშე; ვიყო პირველი, ინოვატორი და ყოველთვის მომართული სიახლისკენ; პატივი ვცე, ვენდო და გვერდით დავუდგე გუნდს, რომელთან ერთადაც მივდივარ ჩემი მიზნისკენ; შევინარჩუნო ბალანსი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის; არ დავივიწყო, სად ვარ, ვინ ვარ და რა არის ჩემი ღირებულებები.

ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერდნენ?

ჩემი ოჯახი, მშობლები, მეგობრები. ხშირად გვავიწყდება, რომ მარტო არ ვართ და ადამიანები, ზოგადად, მზად არიან დაგვეხმარონ, თუ ჩვენ ამას ვთხოვთ ან უბრალოდ, ვსაჭიროებთ. ჩვენ არ ვიცით ყველაფერი და ასევე, არ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი. სამაგიეროდ, გარშემო გვყავს ადამიანები, რომლებიც მოგვცემენ რჩევას, იფიქრებენ ჩვენთან ერთად, მიგვითითებენ, თუ შევფერხდებით. უბრალოდ, მათ უნდა მივცეთ დახმარების საშუალება.

ვინ არის თქვენი როლ-მოდელი?

არ მყავს.

რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?

ეს არის კარგი საქმის გაკეთების შესაძლებლობა.

რას უსურვებდით/ურჩევდით ქალებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება სურთ?

დაისახეთ მიზანი, არ შეუშინდეთ გამოწვევებს, სიახლეს. მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იარეთ წინ, მუდმივად იმოძრავეთ, ნუ შეჩერდებით.

როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?

ვარ გულწრფელი, გამოვხატავ აზრს ხმამაღლა და თავისუფლად, არასოდეს ვუღალატებ ჩემს ღირებულებებს და მზად ვარ დავეხმარო ყველას, ვისაც ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა სურს.

როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ გეგმავთ კვირას, თვეს? როგორ ანაწილებთ დროს საქმიანობასა და ოჯახზე?

ჩემი დრო მკაცრად არის გაწერილი, განრიგს და შესასრულებელ სამუშაოს რამდენიმე კვირით ადრე ვინიშნავ. დილა იწყება ადრე და დღე სრულდება გვიან. ძილზე ცოტა დროს ვხარჯავ, ყოველდღე ვვარჯიშობ.


ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

Comments


bottom of page