top of page

ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, ჩვენ ვითხოვთ დროს, რომ გადავრჩეთ!

Updated: Nov 17, 2020

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრი ტურისტული კომპანია BTL Georgia 10 წელია რაც საქმიანი ტურიზმის ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს, მაგრამ პანდემიის პირობებში დიდი გამოწვევების წინაშე დგას. კომპანიის დირექტორი მაია ბიბილაური 8 თვის მანძილზე უხდიდა თანამშრომლებს მინიმუალურ ხელფასს და ახლა ამ შესაძლებლობების ზღვარზეა, არადა მან ყველაზე კარგად იცის, რომ ეს სფერო დარგის პროფესიონალებზე დგას. მათ გარეშე შეუძლებელია მუშაობა, ამიტომ ქ-ნი მაია ცდილობს მათ შენარჩუნებას და სახელმწიფოს ამ ინდუსტრიის გადასარჩენად სამი ძირითადი თხოვნით მიმართავს:


პირველი: გადავადდეს საშემოსაავლო გადასახადების ვალდებულება ტურისტული სექტორის სრულ აღდგენამდე.


მეორე: ტურისტული კომპანიების იმ თანამშრომლებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, გადაეწიოთ საბანკო ვალდებულებები, (პროცენტების გაზრდის გარეშე), ტურიზმის სრულად აღდგენამდე.


მესამე: სახელმწიფო დაეხმაროს ტურისტულ კომპანიებს ე.წ იაფი სესხების მოძიებაში. პანდემია ადრე თუ გვიან გაივლის და ტურისტულ კომპანიებს აუცილებლად დასჭირდება ეს „სწრაფი ფული“ საოპერაციო საქმიანობისთვის. მხოლოდ ასე შეძლებენ კომპანიები მუშაობის აღდგენას და წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას.


ქალბატონ მაიას პანდემიის პირობებში კომპანიის გამოწვევებზე და გამოსავლის გზებზე ვესაუბრეთ და გთავაზობთ ამ ინტერვიუს.




როგორია BTL Georgia-ს მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?


„პანდემიის პირობებში მე ამას დავარქმევდი უკვე არა გამოწვევას, არამედ კატასტროფის ზღვრამდე მისვლას, ვინაიდან ტურისტული კომპანია 9 თვეა გაჩერებულია და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშეა.


მინდა განვმარტო, რომ ტურიზმი შედგება ძალიან ბევრი სეგმენტისგან, ეს არის: სასტუმროები, გიდები, მეღვინეობა, რესტორნები, ტურისტული კომპანიები, რომელთა ერთიანობაც ქმნის ტურიზმის ინდუსტრიას.


ახლა, ამ იდუსტრიაში ყველაზე მეტად ტურისტულ კომპანიებს და გიდებს გაუჭირდათ, რომლების როგორც ფიზიკური პირები ისე იყვნენ დასაქმებულები. სასტუმროებმა ასე თუ ისე გადაიტანეს ეს პანდემია, თუმცა თბილისის სასტუმროებიც ძალიან დაზარალდნენ. ნაწილი სასტუმროების საკარანტინე სივრცედ გადაკეთდა და ასე უმკვლავდება ამ მძიმე პერიოდს. ზოგმა შიდა ტურიზმის ხარჯზე მიიღო სტუმრები. თუმცა, ბევრი მაღალი კლასის სასტურო სტუმრების და შემოსავლის გარეშე დარჩა, ისევე როგორც გიდები და ტურისტული კომპანიები.


რესტორნების ნაწილმაც დისტანციურ რეჟიმზე შეძლო გადასვლა.


კოვიდ რეალობიდან გამომდინარე საქმიან ტურიზმს გადარჩენის ალტერნატივა არ ქონდა. რადგან ჩვენ ვემსახურებით ბიზნეს, კორპორაციებს და საერთაშორისო ორგანიზაცებს, რომლებიც ამ პერიოდში საქმიან ვიზიტებს არ ანხორციელებენ. არ იგეგმება არც offline კონფერენციები, ვორქშოფები და კონგრესები, რასაც ჩვენ ვაორგანიზებდით საქართველოში. შესაბამისად, როდესაც რეგულაციები ძალიან მკაცრდება, საქმიანი ტურიზმიც სრულად გაჩერებულია.


როგორ ინარჩუნებთ თანამშრომლებს ამ პირობებში?


ჩვენს თანამშრომლებს 7, 8 თვე ვუხდიდით ხელფასებს. ტურისტული კომპანიების და ზოგადად ყველა ბიზნესის შემოსავლები ამ პირობებში ამოწურვადია. შესაბამისად, როდესაც ბრუნვა არ გვაქვს, გვიწვეს დროებით სამსახურებში დასაქმება.


სახელმწიფოს რომელიმე რეგულაცია თუ შეეხო თქვენ დასაქმებულებს და რა გამოწვევების წინაშე ხართ ამ კუთხით?

ჩვენ, ტურისტულ კომპანიებს, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული შეღავათები არ მიგვიღია. ჩვენ თავად ვინახავთ თანამშრომლებს იმ მინიმალური შესაძლებლობებით, რაც დაგვრჩა. ამ პირობებში სახელმწიფოსგან ჩვენ ვითხოვთ და ველით შემდეგ ნაბიჯებს:


ნოემბერში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადები გადაგვივადდეს მინიმუმ ერთი წლით და გაიწეროს გადახდის გრაფიკი. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა მთავრობასთან, სადაც ჩვენი ეს მოთხოვნა გავაჟღერეთ, მაგრამ მათგან მივიღეთ პასუხი, რომ ყველას უჭირს და ამიტომ, დახმარების საერთო პაკეტი უნდა შემუშავდეს, გამონაკლისების გარეშე.


კარგად გვესმის, რომ მარტო ტურიზმს და მარტო საქართველოს არა, ამ რეალობაში ყველას უჭირს, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას გაჭირვებაც აღარ ქვია, ვეღარაფერს ვაკეთებთ და ბიზნესი სრულად შეჩერდა! ერთია, როცა მცირე შემოსავალი გაქვს და შენი თავის შენახვა შეგიძლია და მეორეა, როცა საერთოდ არ გაქვს შემოსავალი და მხოლოდ ვალდებულებები გაქვს სახელმწიფოს წინაშე! როდესაც წელიწადში 15 მილიონიანი ბრუნვა ქონდა კომპანიას და ეხლა 15 ლარი არ გვაქვს, ამ პირობებში მხოლოდ დროს ვითხოვთ, გადაგვივადდეს საშემოსავლო გადასხადები, სამუშაო პირობები სანამ არ აღდგება!


მეორე, ძალინ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ტურისტულ კომპანიებს გვაწუხებს, ეს არის ჩვენი თანამშრომლები, ფიზიკური პირები, რომლებსაც იპოთეკური სესხები აქვთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათი სესხების გადასახადები გადავადდეს რესტრუქტურიზაციის და პროცენტების გაზრდის გარეშე! შრომის ბაზარი გაჯერებულია პროფესიონალი კადრებით, რომელთა დასაქმებაც ვერ ხერხდება კოვიდ რეალობაში!


შემცირებული ხელფასებით შეუძლებელია მათი საბანკო ვალდებულებების დაფარვა. შესაბამისად ვითხოვთ გადავადდეს ფიზიკური პირების იპოთეკური სესხების გადახდის დრო იმ მომენტამდე სანამ მათ სრულ ხელფასებს აღვუდგენთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და მის იმიჯს ქმნიან მსოფლიოში. ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან ეს ადამიანები!!!


მესამე, რასაც ვითხოვთ არის ის, რომ სახელმწიფო დაგვეხმაროს იაფი სესხების მოძიებაში, რადგან როდესაც ეს სეგმენტი ამუშავდება, ჩვენ დაგვჭირდება ე.წ „სწრაფი ფული“ ბიზნესის აღდგენისთვის.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზღვრების გახსნისთანავე პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ქვეყნებს შორის კონკურენცია ტურისტული თვალსაზრისით. საქმიანი ტურიზმი ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან დამკვეთზე მუშაობს და თუ ჩვენი ქვეყნის შემოსავლის წყარო ტურიზმია, დღესვე უნდა ვმუშაობდეთ იმ სტრატეგიაზე თუ როგორ მოვიზიდოთ საქმიანი ტურისტთა ნაკადი საქართველოში.






როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?


რეგულაციები შეიცვლება, ახალი სტანდარტები შემოვა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ!


ყველა პოტენციურ ტურისტს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და მათზე მორგებული პირობები უნდა შევთავაზოთ, რომ მათ აირჩიონ ჩვენი ქვეყანა თავიანთი ვიზიტისთვის.


შეიცვლება ალბათ კიდევ ის, რომ რამდენიმე წელიწადი, მრავალრიცხოვანი ჯგუფების ოდენობა საგრძნობლად შემცირდება, თუმცა მომსახურების ხარისხზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება! შემოვა ჰიბრიდული ტიპის ღონისძიებები, online/offline ერთად. ამისთვის ჩვენს ქვეყანას უნდა გააჩნდეს მძლავრი ტექნიკური და პერსონალური რესურსი.


ამ რეალობაში, როცა ყველაფერი ძვირდება, თქვენი მომსახურების ფასების ზრდა რამდენად არის მოსალოდნელი?


შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, კომპანიები ცდილობენ ფასების შენარჩუნებას. თუმცა, როდესაც მომწოდებელი ფასს გვიზრდის, ის ავტომატურად საბოლოო პროდუქტს აძვირებს.


ჩვენს რეალობაში ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ დამკვეთი, როგორც წესი, გადახდების გადავადებას ითხოვს. პანდემიის შემდგომ პერიოდში ამ მოთხოვნების შესრულება საკმაოდ რთული იქნება, და ესეც შეიძლება გახდეს ერთ - ერთი მიზეზი იმისა, რომ დამკვეთმა სხვა ქვეყანა აირჩიოს ვიზიტისთვის. სწორედ ამიტომ ვითხოვთ დახმარებას „იაფი სესხების“ მოზიდვაში, რომელიც დაგვჭირდება, როგორც კი კომპანიები ოპერირებას დავიწყებთ.


როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


ძალიან რთულია გრძელვადიანი გეგმები დავსახოთ ჩვენს რეალობაში, ვინაიდან მოცემულობა ხშირად იცვლება, ბევრჯერ იყო გამოცხადებული საზღვრების გახსნა და ვერ შესრულდა.


შესაბამისად ის პოტენციური ჯგუფები, რომლებსაც ველოდებოდით ამა წლის მე-4 კვარტალში, გაუქმდა და გაურკვეველი დროით გადაიდო.


ტურიზმში საკმაოდ რთულია სახელის მოხვეჭა და როგორც იტყვიან „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო“, ამ სიტუაციაში ვერავის ვერაფერს ვპირდებით და არ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია.


ჩვენ ძალიან დიდი მარკეტინგული ხარჯები გვაქვს. წელიწადში რამდენჯერმე დავდივართ გამოფენებზე, სხვადასხვა ქვეყანაში ვაკეთებთ ღონისძიებებს, ვეპატიჟებით და ვმასპინძლობთ ამა თუ იმ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს და ამას საკუთარი ხარჯებით ვუზრუნველყოფთ. ამ აქტივობებით ტურისტული კომპანიები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ზრდიან საქართველოს ცნობადობას!


საქმინი ტურიზმი პროექტებზე მუშაობას, მინიმუმ 3, 6 თვით ადრე იწყებს, რადგან ჩვენი დამკვეთები მსხვილი კორპორაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, რომლებსაც საკუთარი სტრატეგია, ბიუჯეტი და მთელი რიგი წესები აქვთ თუ როდის, ვისთან და რა პირობებით ითანამშრომლონ, შესაბამისად ჩვენ არცერთი წუთის დაკარგვის უფლება არ გვაქვს!


ინტერვიუ: თამარ გურგენიძე

Comments


bottom of page